Blog & News
სიახლეები
5 რჩევა, როგორ შევარჩიოთ ფარდები თანამედროვე საძინებლისთვის
ფარდა ოთახის ინტერიერის დეკორაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. საფარდე ქსოვილი საძინებელში ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: ამშვენებს ინტერიერის დიზაინს, საძინებელში ქმნის მყუდრო გარემოს, იცავს ოთახს კაშკაშა მზისგან და ცივ სეზონში ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას. საძინებლისთვის ფარდები უნდა შეარჩიოთ ოთახის ზომის, კარნიზის ზომის, ინტერიერის დიზაინისა და თქვენი პირადი მოთხოვნების მიხედვით. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ შეარჩიოთ ფუნქციონალური და პრაქტიკული საფარდე ქსოვილები თანამედროვე საძინებლისთვის.
რჩევა 1. არ გამოიყენოთ ძალიან სქელი ფარდები
გავრცელებულია მოსაზრება, რომ საძინებლისთვის მკვრივი ქსოვილისგან დამზადებული ფარდები საუკეთესო გადაწყვეტაა, რომელიც გარედან შემოსულ სინათლეს 100%-ით ახშობს. სინამდვილეში კი, უფრო პრაქტიკულია ფარდები სინათლის მსუბუქი შეღწევადობით 70-დან 90% -მდე, რომლებიც ხანძრის დროს არ ალდება, მარტივად ირეცხება და სწრაფად შრება. აღნიშნული ფაქტურის ფარდები ასევე რეკომენდებულია არა მარტო საცხოვრებელი სახლისთვის, არამედ სასტუმროებისთვისაც.
ზოგ შემთხვევაში, საძიენებელ ოთახში გამოიყენება ჟალუზებიც, რაც დამოკიდებულია ინტერიერის სტილზე და თქვენს პირად მოთხოვნებზე. ფარდა-ჟალუზი შესაძლებელია იყოს როგორც ქსოვილის, ასევე ხის და ალუმინის ფაქტურის.
რომაული ჟალუზები დამზადებულია საფარდე ქსოვილისგან და სპეციალური მექანიზმისაგან. აღნიშნული საფარდე სისტემა ხელს უწყობს ოთახში სიმყუდროვის და თანამედროვე დიზაინის შექმნას. რომაულ ჟალუზებს ხშირად იყენებენ თანამედროვე სტილის ინტერიერში. საძინებელიში უფრო მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად თხელი ან სქელი ფარდების უკან შესაძლებელია განთავსდეს ხისა და ალუმინის ჟალუზები.
რჩევა 2: სწორად შეარჩიეთ საფარდე ქსოვილის ფერი
საძინებელში ნათელი და კაშკაშა ფერის საფარდე ქსოვილის შერჩევა არ არის რეკომენდებული. საძინებელი ის ადგილია სახლში, სადაც დღეში 7-დან 9 საათამდე ვატარებთ და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა.
იმისათვის, რომ საფარდე ქსოვილები მრავალი წლის განმავლობაში სასიამოვნო გარემოს ქმნიდეს, უზრუნველყოს კომფორტი და სიმშვიდე, საჭიროა საძინებელში გამოყენებული იყოს თბილი და ნეიტრალური ფერის ფარდები.
სქელი ფარდა სასურველია იყოს რამდენიმე ტონით უფრო მუქი ფერის, ვიდრე თხელი საფარდე ქსოვილი. გარკვეულ შემთხვევებში, დიზაინერები საძინებელიში მუქი ტონალობის თხელ ფარდას სქელი ფარდის შემდეგ იყენებენ. თუკი თხელი ქსოვილი შედარებით უფრო ჭრელია, ამ შემთხვევაში სასურველია, ოთახში განთავსდეს სადა სტილის სქელი საფარდე ქსოვილი, ხოლო თუ დიზაინში გამოყენებულია სქელი საფარდე ქსოვილი ორნამენტებით, ამ შემთხვევაში დიზაინერები სადა სტილის თხელ ფარდას უხამებენ ინტერიერს.
რჩევა 3: რომელი ფაქტურის საფარდე ქსოვილები გამოიყენება საძინებელში
ინტერიერის დიზაინის მიხედვით საძინებლისთვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ფაქტურის სქელი საფარდე ქსოვილები:
- გობელენი
- ბლექაუთი
- დიმაუთი
- ხავერდი
- ჟაკარდი
- ტილო.
თხელი ფაქტურის ფარდები შესაძლოა იყოს შემდეგი ტიპის ქსოვილისგან:
- შიფონი
- ტილო
- ნეილონი
- ბატისტა
- ბადე
- წულე.
სქელი გობელენის ფაქტურებთან თხელ ფარდად შესაძლებელია ჟაკარდოვანი წულეს და ასევე კრეპ-შიფონის შეხამება. ტილოს ფაქტურებთან გამოიყენება გამჭვირვალე ტილოს და ბატისტის ფაქტურები. ხავერდოვან სქელ ფარდებს ხშირ შემთხვევაში შეგიძლიათ შეუხამოთ გამჭვირვალე შიფონისა და ნეილონის ფაქტურის ქსოვილები. დიმაუთებთან და ბლექაუთებთან კომბინაციაში გამოიყენება როგორც ტილოს, ასევე შიფონისა და წულეს ფაქტურები, რომლებიც მნიშვნელოვანია შერჩეულ იქნას ინტერიერის დიზაინის მიხედვით.
რჩევა 4. სწორად შეუხამეთ ფარდების სტილი სივრცის საერთო ინტერიერს
თუკი კედლის საფარში გამოყენებულია დეკორატიული პანო ან ინტერიერში დომინირებს დეკორატიული კედელი, ამ შემთხვევაში საძინებლის სქელი ფარდის ფერი სასურველია ეხამებოდეს ოთახის დეკორატიული კედლის ფერს. ფარდის ტონალობა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწოლის გადასაფარებლისა და დეკორატიული ბალიშების დიზაინს.
ფარდის ფერის დიზაინის შერჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ საძინებლის განათება. ოთახში თბილი განათების შემთხვევაში ფარდის ტონალობაც შესაბამის ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი, ხოლო ცივი განათებისას ქსოვილის ფერიც შესაბამისად იცვლება. ამიტომ, ფარდის შერჩევისას, სასურველია, საფარდე ქსოვილის შეძენამდე ნიმუშები ოთახში განათების მიხედვით შეუხამოთ ინტერიერს.
რჩევა 5. როგორ უნდა განსაზღვროთ ფარდების ზომა
საფარდე ქსოვილების რაოდენობის დასათვლელად, საჭიროა, თავდაპირველად განისაზღვროს კარნიზის სიგრძე და სიგანე. არსებობს კარნიზის ორი სახეობა: ჭერზე დასამაგრებელი და კედელზე მისამაგრებელი.
იმ შემთხვევაში, როდესაც კარნიზი კედელზე მაგრდება, შესაძლებელია ფარდები შეიკეროს ლუვერსებზე, სპეციალურ რგოლებზე, რომელიც უკეთდება ქსოვილს. ლუვერსებზე დაკიდებული ფარდები ქმნის თანაბარი ზომის ტალღებს და არის ვიზუალურად მიმზიდველი. ჭერიდან იატაკამდე ჩამოშვებული ფარდები კი ზრდის ოთახის სიმაღლეს და აქტიურად გამოიყენება თანამედროვე დიზაინში.
თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ფარდები საძინებლისთვის, მნიშვნელოვანია, მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია კვალიფიციური დიზაინერისგან. სწორი არჩევანის გაკეთებაში კი ჩვენი დიზაინერები დაგეხმარებიან. გვეწვიეთ "გალერეა რუმ დიზაინში" და შეარჩიეთ თქვენი საძინებლისთვის შესაფერისი ფერის, ფაქტურის და სტილის საფარდე ქსოვილები. ჩვენი გუნდი შეასრულებს აზომვით სამუშაოებს, განახორციელებს ფარდების ადგილზე მიტანისა და მონტაჟის მომსახურებას.