Room Design Gallery
ფასდაკლება

ექსკლუზიური დიზაინის კაფე-რესტორანი ქიაჩელზე

სულ რაღაც 3-4 თვის წინ დავიწყეთ ერთ-ერთი ახალი პროექტი თბილისის ძველ კოლორიტულ უბანში, სადაც დამკვეთის
მოთხოვნით უნდა შეგვექმნა საინტერესო და კრეატიული, ამავე დროს მომხმარებლისთვის კომფორტული გარემო კაფე-ბარისთვის
გათვალისწინებულ 145 კვადრატული ფართობის მქონე სივრცეში. როგორც ყოველთვის ამჯერადაც, ჩვენი გუნდი ყურადღებით
გაეცნო დამკვეთის მოთხოვნებს, რის შედეგადაც გაკეთდა პირველი კონცეპტუალური მონახაზი - დავალება: თუ რა სურდა
დამკვეთს, რა სეგმენტსა და ასაკობრივ ჯგუფზე სურდა გასვლა და რა ბიუჯეტი ჰქონდა გათვალისწინებული დიზაინ-პროექტირებისთვის.

ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა დაიწყო კონცეფციაზე ფიქრი და მასალების შერჩევა მაქსიმალურად ექსკლუზიური დიზაინისთვის,
რათა ზუსტად აგვესახა იმ მომხმარებლის და სეგმენტის საჭიროებები, რომელზეც დამკვეთი გეგმავდა გასვლას.

პროექტების სია

სიტუაციური გეგმის ანალიზის გაკეთების შემდეგ, მთლიანად მოხდა არსებული ფართის რეკონსტრუქცია და მომზადება
სარემონტო სამუშაოებისთვის. პარალელურად კი დავიწყეთ მუშაობა პროექტსა და დიზაინზე. ცალკე ფაქტად გვინდა
აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტული დიზაინის შთაგონება გახდა 2019 წლის პარიზის ავეჯისა და განათების საერთაშორისო
გამოფენაზე წარმოდგენილი ტრენდები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ესწრება საერთაშორისო გამოფენებს და უახლესი ტრენდების გათვალისწინებით
ცდილობს შექმნას ლამაზი და გამორჩეული ინტერიერი, ასევე ყურადღებით ეკიდება მისი განხორციელების რეალურ შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომ, "გალერეა რუმ დიზაინის" გუნდმა მთავარ დიზაინერთან ერთად დეტალურად გაიარა დამკვეთის მიერ პროექტისთვის
ფინანსები და განსაზღვრა რა ბიუჯეტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო პროექტის განხორციელება და რა კატეგორიის ბრენდების
პროდუქტები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ შემთხვევაში დამკვეთის სურვილიც და ფინანსური შესაძლებლობებიც იძლეოდა საშუალებას,
რომ არ გაგვეკეთებინა ეკონომია ინტერიერის მოსაწყობ და მოსაპირკეთებელ მასალებზე და გამოგვეყენებინა ისეთი ბრენდები, რომლებიც
მსოფლიო მოდის ტენდენციებს კარნახობენ.

პროექტების სია

დიზაინ-პროექტის დასრულების შემდეგ დავიწყეთ მისი განხორციელება. სტუმრების მაქსიმალური კომფორტისთვის
შემოსასვლელი ზონა ძირითადი სივრცისგან გამოვყავით დეკორატიული ტიხრით, რომელზეც განვათავსეთ ორიგინალური
აქსესუარები და გამწვანების ელემენტები. თავად ძირითადი სივრცე კი ორად გავყავით ექსკლუზიური ესპანური ბრენდის
კერამო-გრანიტის ფილებით, რომლის ფერებსაც ორგანულად შევუხამეთ თანამედროვე მომწვანო-ჭაობისფერი ხავერდის
სავარძლები და მაგიდები მარმარილოს ზედაპირით, ხოლო მაგიდების თავზე შევარჩიეთ შავი ცილინდრის ფორმის სანათები
გრაფიკული ორნამენტებით. კედლისთვის კი უკვე ნეიტრალური ტონის შპალერს მივანიჭეთ უპირატესობა, რომელიც
ჰარმონიულად შეერწყა არსებულ ინტერიერს და გრადაციულად გადავიდა შემდეგი ზონების ფაქტურებსა და დეკორატიულ შპალერში.

პროექტების სია

ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა ბარის ზონის გამოყოფა და მისთვის ორიგინალური ხასიათის
მინიჭება. სწორედ ამიტომ, მისი ფასადის მოსაპირკეთებლად გამოვიყენეთ დეკორატიული კერამო-გრანიტის ფილები, ხოლო სივრცის
მოცულობის ხაზის გასასმელად მის თავზე განვათავსეთ შედარებით მშვიდ ტონალობებში გადაწყევტილი, თანამედროვე სტილის
დეკორატიული სანათი, ხოლო ბარის სკამების სახით დიზაინში შევიტანეთ განსხვავებული, მკვეთრი აქცენტები. ამგვარად,
მივაღწიეთ მიზანს, რომ სწორად განაწილებულიყო პირველი ზონის ფუნქციონალური გამიჯვნა და როგორც მომხმარებლისთვის,
ისე პერსონალისთვის შეგვექმნა კომფორტული მოსასვენებელი და სამუშაო გარემო.

პროექტების სია

რაც შეეხება მთავარ სივრცეს, აქ ზონები ერთმანეთისგან გამოვყავით ორიგინალური დიზაინის კერამო-გრანიტის ფილებით,
რომლის ფერებიც ორგანულად იმეორებს ძირითადი ფონის კერამო-გრანიტის ფილებს და ამავე დროს, ეხმიანება სავარძლების
მომწვანო-ჭაობისფერს და კედლის სიგრძეს გაყოლებული ჩესტერის ჭუჭყიან ვარდისფერს.

პროექტების სია

ძირითად სივრცეში განსაკუთრებულად ამაღლებული და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად, ერთ-ერთ კედელზე გამოვიყენეთ
დეკორატიული შპალერი, რომელზეც გამოსახული ორნამენტები სინქრონში იმეორებს სავარძლის ოვალურ ფორმებს, ფერები
კი მაქსიმალურად ბუნებრივად ერწყმის სავარძლების მკრთალ ვარდისფერსა და მარმარილოს მაგიდების ტონებს.

პროექტების სია

სივრცეში ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ელემენტია მცირე ზომის სცენა, მის გამოსაკვეთად გამოვიყენეთ იგივე ექსკლუზიური
ბრენდის დეკორატიული ფილები, რაც ბარის ფასადზე. ამგვარად, გადავწყვიტეთ 2 ამოცანა: გამოვკვეთეთ სცენა და ერთიდაიგივე
დეკორის გამოყენებით სივრცე შევკარით ერთ მთლიანობად. დეკორატიულ სანათებს, რომელიც თითბრის და ბროლის მასალისგან
არის დამზადებული, მეტად პიკანტური ნოტები შემოაქვს რესტორნის ინტერიერში და იდეალურად ჯდება ნატურალურ და ორგანულ
ფერებში გადაწყვეტილ სივრცეში.

პროექტების სია

ყოველ სივრცეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპირფარეშოს დიზაინს. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ფერთა გამა, რომელიც
ორგანულად ეხამება ძირითად ინტერიერში გამოყენებულ ფერებს. კედლებს აცოცხლებს ორიგინალური გადაწყვეტა - ჩარჩოში
ჩასმული დეკორატიული ფილები და მრგვალი ფორმის სარკე, რომელიც მეტი სივრცის შეგრძნებას ქმნის.

პროექტების სია

იმისთვის, რომ შეგვექმნა სივრცე მწეველებისთვის, არსებულ ფართს დავუმატეთ ეზოში გამავალი ტერასა, რომელიც მთლიანად
შეიფუთა გამჭოლი შუშის მინა პაკეტით. ამგვარად, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ სივრცის შეგრძნება და შევქმენით მყუდრო
და კომფორტული გარემო. ხოლო იგივე სტილის ავეჯისა და აქსესუარების განთავსებით, რაც ძირითად დარბაზში გვქონდა
გამოყენებული, შევძელით ეს ზონაც ძირითადი სივრცის ორგანულ ნაწილად გვექცია. საბოლოოდ მივიღეთ მაქსიმალურად
მშვიდი ფერები და ატმოსფერო და გადმოვეცით განწყობა, რომელიც მონოტორულად მიყვება მთლიან სივრცეს.

პროექტების სია

მწეველებისთვის განკუთვნილ სივრცეში განსაკუთრებით ელეგანტური და გრაციოზული განწყობა შემოაქვთ ვიეტნამური სტილის
სკამებსა და ოვალური ფორმის მკრთალ ვარდისფერ სავარძლებს, რომელშიც ძირითად დარბაზში გამოყენებული ჩესტერის
ფერები მეორდება სივრცის ერთიანობის შესანარჩუნებლად. ამ გრაციოზულ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს სარკის და
გამჭირვალე განათებების მრგვალი ფორმები. ასევე გასანკუთრებულ აქცენტს სვამს ღია ფერებში გადაწყვეტილი კერამო-გრანიტის
ფილები
, რომელიც შეხამებულია ავეჯის ტონებთან და ფორმებთან.

პროექტების სია

პროექტების სია

ერთ-ერთ სიურპრიზს სტუმრებისთვის წარმოადგენს კერძო წვეულებებისთვის განკუთვნილი ზონა, სადაც მაქსიმალურად შინაურული
და კომფორტული გარემოა შექმნილი მომხმარებლისთვის. განსაკუთრებით მყუდრო გარემოს შესაქმნელად შეირჩა ხავერდის
ზედაპირის მქონე რბილი ავეჯი. ლაუნჯ ზონის ატმოსფერო გრძელდება უნიკალური დეკორატიული სანათებით, რომელსაც
განათების უმეტესი ნაწილი უკავია და თანაბრად ანაწილებს სინათლეს მთელ ტერიტორიაზე. ცოცხალი გამწვანება და ტრადიციულ
სტილში გადაწყვეტილი ბუხრის ზედაპირი ქმნის უფრო ვინტაჟურ და დამაშვიდებელ განწყობას, სადაც ცეცხლის პირას სტუმრებს
შეეძლებათ განიტვირთონ დამღლელი დღის ბოლოს.

პროექტების სია

რაც შეეხება ფასადს, ვეცადეთ, რომ იგი მაქსიმლურად ჩავგვესვა არეალზე წარმოდგენილ არქტიქტურულ და ურაბნულ სტანდარტებში. 
ვულოცავთ ჩვენს დამკვეთებს პროექტის წარმატებით დასრულებას და იმედი გვაქვს, მათი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით
სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გარემო შევქმენით, სადაც სტუმრობის სურვილი არაერთხელ გაუჩნდებათ. 

 

--> //